---
title: "მუხლი 17. ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/17"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "17"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/17

1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ:
ა) იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს;
ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს;
გ) იგი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

2. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ საჭიროებს ლტოლვილის სტატუსს და მას უარი ეთქმება ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, თუ:
ა) იგი სხვა ქვეყნის მიერ აღიარებულია ლტოლვილად და არ აქვს ამ ქვეყანაში დევნის საფუძვლიანი შიში ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად;
ბ) იგი არის ორი ან ორზე მეტი ქვეყნის მოქალაქე და შეუძლია ისარგებლოს ერთ-ერთი მათგანის მფარველობით;
გ) მას აქვს შიდა გადაადგილების ალტერნატივა;
დ) იგი არ საჭიროებს სამართლებრივ დაცვას, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლის „D“ ნაწილის თანახმად;
ე) იგი სხვა ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილმა უწყებამ აღიარა ისეთი უფლება-მოვალეობების მქონედ, რომლებიც აქვთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, და, შესაბამისად, არ საჭიროებს საერთაშორისო დაცვას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/18.md
