---
title: "მუხლი 26. ძირითადი პროცედურული სტანდარტები — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/26"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "26"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. ძირითადი პროცედურული სტანდარტები — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/26

1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა ინდივიდუალურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა შეისწავლონ.

2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ჩვეულებრივი ან დაჩქარებული წესით.

3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) იგი აშკარად დაუსაბუთებელია;
ბ) განმცხადებელი ყალბი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტროს შეცდომაში შეყვანით ბოროტად იყენებს თავშესაფრის პროცედურას.

4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნევა, თუ:
ა) მასში მოცემული ინფორმაცია არ უკავშირდება ამ კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებულ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლებს;
ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის შეუსაბამო, წინააღმდეგობრივი ან არარეალური სავარაუდო დევნის არსებობის დასადგენად;
გ) თავშესაფრის მაძიებელი მალავს საკუთარ ვინაობას ან/და მისი წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას;
დ) თავშესაფრის მაძიებელი უარს აცხადებს სამინისტროსთან თანამშრომლობაზე ან მისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაზე.

5. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლები შეისწავლება ერთიანი პროცედურით, თანამიმდევრულად, ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლების შესწავლა-შეფასებით. თუ თავშესაფრის მაძიებელი არ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ პირობებს, პროცედურა გრძელდება ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლების შესწავლა-შეფასებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/25-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/27.md
