---
title: "მუხლი 28. მტკიცების ტვირთი — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/28"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "28"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. მტკიცების ტვირთი — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/28

1. თავშესაფრის მაძიებელმა უნდა წარადგინოს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის დასაბუთებისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია) და მტკიცებულება და მათი შეფასების პროცესში უნდა ითანამშრომლოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან. თავშესაფრის მაძიებელი აგრეთვე ვალდებულია სარწმუნოდ განმარტოს ინფორმაციისა და მტკიცებულების წარუდგენლობის ან არარსებობის მიზეზი.

2. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტების დადგენის ვალდებულება თანაბრად ნაწილდება თავშესაფრის მაძიებელსა და უფლებამოსილ თანამდებობის პირს შორის. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ყველა არსებითი ფაქტობრივი გარემოება და წარმოდგენილი მტკიცებულებები ინდივიდუალურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა შეაფასოს.

3. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებით შესაბამისი შეკითხვების დასმით უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ხელი უნდა შეუწყოს თავშესაფრის მაძიებელს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი ინფორმაციის (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის) და მტკიცებულებების სრულყოფილად წარდგენაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/29.md
