---
title: "მუხლი 32. დევნა და სერიოზული ზიანი — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/32"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "32"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. დევნა და სერიოზული ზიანი — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/32

1. ამ კანონის მე-15 მუხლის მიზნებისთვის ქმედება დევნად მიიჩნევა, თუ:
ა) იგი თავისი ბუნებით ან განმეორებადობით იმდენად სერიოზულია, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევაა;
ბ) იგი არის სხვადასხვა ქმედების ერთობლიობა, რომელიც იმდენად მწვავეა, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევაა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დევნა შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფორმებით:
ა) ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის, აქტი;
ბ) სამართლებრივი, ადმინისტრაციული ან/და სასამართლო აქტები და ღონისძიებები, რომლებიც თავად არის დისკრიმინაციული ან დისკრიმინაციული ფორმით ხორციელდება;
გ) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი, რომელიც არაპროპორციულია ან დისკრიმინაციულია;
დ) დარღვეული უფლების აღდგენაზე სასამართლოს მიერ უარის თქმა, რასაც შედეგად არაპროპორციული ან დისკრიმინაციული სასჯელი მოჰყვება;
ე) სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელი კონფლიქტის დროს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებაზე უარის თქმის გამო;
ვ) ქმედება, რომელიც თავისი ბუნებით სქესს ან არასრულწლოვანს უკავშირდება.

3. სერიოზული ზიანია:
ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე;
ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი;
გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №437 – ვებგვერდი, 04.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/33.md
