---
title: "მუხლი 36. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასება — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/36"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "36"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასება — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/36

1. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს:
ა) ყველა სათანადო ფაქტი, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ქვეყანასთან, მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობა და სხვა რეგულაციები, აგრეთვე არსებული პრაქტიკა;
ბ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და დოკუმენტაცია, მათ შორის, იმის შესახებ ინფორმაცია, რომ თავშესაფრის მაძიებელი იდევნება ან შესაძლებელია გახდეს დევნის მსხვერპლი და რომ მას მიადგა ან შეიძლება მიადგეს სერიოზული ზიანი;
გ) თავშესაფრის მაძიებლის პირადი მონაცემები;
დ) თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დევნის ან სერიოზული ზიანის დადგომის შესაძლებლობა;
ე) განმცხადებლის მიერ იმ ქვეყნის დაცვით სარგებლობის შესაძლებლობა, რომელიც მისი წარმოშობის ქვეყანა არ არის და რომლის მოქალაქეც არის თავშესაფრის მაძიებელი.

2. ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებელი გახდა დევნის მსხვერპლი, ან მას მიადგა სერიოზული ზიანი, ან მას უშუალოდ დაემუქრნენ დევნით ან სერიოზული ზიანის მიყენებით, აჩენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ იგი შეიძლება დადგეს დევნის ან სერიოზული ზიანის მიყენების რეალური საფრთხის წინაშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ასეთი დევნა ან სერიოზული ზიანი აღარ განმეორდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/37.md
