---
title: "მუხლი 42. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეჩერება, შეწყვეტა და განახლება — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/42"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "42"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეჩერება, შეწყვეტა და განახლება — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/42

1. უფლებამოსილი თანამდებობის პირი აჩერებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვას, თუ ვერ ხერხდება ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით თავშესაფრის მაძიებელთან დაკავშირება და მას არ გადაუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ამ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა 6 თვით შეჩერდება.

2. უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ თავშესაფრის მაძიებელი:
ა) ამ კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად გამოიხმობს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას;
ბ) სამინისტროსთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს;
გ) არასაპატიო მიზეზით, შეტყობინების უგულებელყოფით ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე ორჯერ არ გამოცხადდება;
დ) საქართველოს დატოვებს, საცხოვრებელ ადგილს გამოიცვლის და ამის შესახებ სამინისტროს 3 თვის ვადაში არ აცნობებს;
ე) თითის ანაბეჭდების აღებაზე უარს განაცხადებს;
ვ) გარდაიცვლება;
ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი ვადის გასვლამდე არ გამოცხადდება სამინისტროში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფსიქიკური აშლილობის მქონე თავშესაფრის მაძიებლის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა არ შეწყდება.

4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეჩერების ან შეწყვეტის შემდეგ სამინისტროში გამოცხადებულ თავშესაფრის მაძიებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განმარტოს გამოუცხადებლობის მიზეზი, ხოლო საპატიო მიზეზის მითითების შემთხვევაში მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განახლდეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/43.md
