---
title: "მუხლი 46. ოჯახის გაერთიანება — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/46"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "46"
identifier: "42-Iს"
adopted: "2016-12-01"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. ოჯახის გაერთიანება — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/46

1. ოჯახის გაერთიანების პროცედურის დაწყებისთვის საერთაშორისო დაცვის მქონე პირმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს.

2. კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნისათვის ამ კანონით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების შემდეგ უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ამ არასრულწლოვნის მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის და არასრულწლოვნის თანხმობით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ოჯახის გაერთიანების პროცედურა. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოს მისი გაერთიანება სხვა ოჯახის წევრებთან.

3. საერთაშორისო დაცვის მქონე პირმა ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებას უნდა დაურთოს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება მათი არსებობის შემთხვევაში.

4. ოჯახური კავშირის დასადგენად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ინდივიდუალურ საფუძველზე 1 თვის ვადაში განიხილავს ოჯახის გაერთიანების შესახებ განცხადებას და თანდართულ მტკიცებულებებს მათი არსებობის შემთხვევაში.

5. უფლებამოსილი თანამდებობის პირი აუცილებლობის შემთხვევაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საშუალებით მოიძიებს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრებს.

6. ოჯახური კავშირის დადგენის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი საჭიროებისამებრ მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრების მოძიების და მათთვის საქართველოს ვიზის გაცემის თაობაზე.

7. ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ოჯახის წევრებს საერთაშორისო დაცვის იგივე ფორმა ენიჭებათ, რომელიც ამ პირს აქვს მინიჭებული.

8. საერთაშორისო დაცვის მქონე პირს შეიძლება უარი ეთქვას ოჯახის გაერთიანებაზე, თუ ოჯახის წევრის მიმართ არსებობს ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარემოება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3452780-saertashoriso-datsvis-shesakheb/47.md
