---
title: "მუხლი 16. სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიებისა და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების განხორციელება — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/16"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 3597534"
adopted: "2017-03-22"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიებისა და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების განხორციელება — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/16

1. სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების საფუძველია საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლის ბრძანება სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ.

2. სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განსახორციელებლად სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს:
ა) დასაბუთებას, რომ სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შედეგად შეიძლება გამოვლინდეს მონაცემები იმ ფაქტებისა და მოვლენების (ან მათი ნიშნების) შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას;
ბ) დასაბუთებას, რომ სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელება განპირობებულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და იგი მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალებაა;
გ) დასაბუთებას, რომ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების გარეშე ვერ მოიპოვება;
დ) იმ შინაარსობრივი იდენტიფიკატორების დეტალურ აღწერას, რომელთა გამოყენებითაც უნდა გამოვლინდეს ელექტრონული კომუნიკაციის ქსელებით გადაცემული შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს;
ე) მოთხოვნას სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების პერიოდის შესახებ.

3. მოსამართლე სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ შუამდგომლობას განიხილავს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, დახურულ სასამართლო სხდომაზე, სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობით და გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება:
ა) გასცემს ბრძანებას სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ;
ბ) გამოაქვს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4. მოსამართლის ბრძანებაში უნდა მიეთითოს, რომ დასტურდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. მოსამართლის ბრძანებაში აგრეთვე უნდა მიეთითოს:
ა) ბრძანების რეკვიზიტები (ნომერი; შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი, ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული); საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი);
ბ) პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა;
გ) განკარგულება სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ;
დ) იმ შინაარსობრივი იდენტიფიკატორების დეტალური აღწერა, რომელთა გამოყენებითაც უნდა განხორციელდეს სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება;
ე) დროის რა მონაკვეთში (დაწყებისა და დასრულების თარიღებისა და დროის მითითებით) უნდა განხორციელდეს სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება;
ვ) სააგენტო, როგორც უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც ეს ბრძანება უნდა შეასრულოს;
ზ) სპეციალური სამსახურის დასახელება, რომელსაც უნდა გაეცნოს და გადაეცეს სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია.

5. სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების ნებართვა გაიცემა იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მისი მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, თითოეულ ჯერზე იმავე წესითა და საფუძვლით, რომლებიც თავდაპირველი ბრძანებისთვისაა დადგენილი.

6. ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების საფუძველია „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12–მე-14 მუხლების შესაბამისად ზედამხედველი მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანება ან სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიების განხორციელების შესახებ.
თავი IV
სააგენტოს მიერ კანონის შესასრულებლად გამოყენებული ღონისძიებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/17.md
