---
title: "მუხლი 17. კონტროლი (შემოწმება) — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/17"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 3597534"
adopted: "2017-03-22"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. კონტროლი (შემოწმება) — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/17

1. ელექტრონული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლის მიზნით სააგენტოს უფროსს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შემოწმების ჩატარების შესახებ. ამ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირის ვინაობა და  შესამოწმებელი საკითხი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირს უფლება აქვს, შეამოწმოს შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე, გადაიღოს ამ დოკუმენტების ასლები, სპეციალური ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებით შეამოწმოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის აპარატული ან/და ქსელური ინფრასტრუქტურა, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის წარმომადგენლებს შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით მოსთხოვოს ინფორმაცია და ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირი დამტკიცებული ფორმის მიხედვით ადგენს შემოწმების შესახებ დასკვნას. დასკვნაში უნდა მიეთითოს: შემოწმების ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი; შემოწმების ჩატარების საფუძველი; შემოწმებაზე დამსწრე ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის წარმომადგენლის ვინაობა; შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ ისინი მათი განთავსების ადგილზე შემოწმდა; შემოწმებული აპარატული ან/და ქსელური ინფრასტრუქტურა და შემოწმებისათვის გამოყენებული აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები; მიღებული ზეპირი ახსნა-განმარტებების მიმოხილვა (ახსნა-განმარტებების წერილობით მიღების შემთხვევაში დასკვნას უნდა დაერთოს შესაბამისი მასალა); დასკვნა, რომელშიც აღინიშნება გამოვლენილი შეუსაბამობა და სხვა დარღვევა; რეკომენდაცია და სახელმძღვანელო მითითება (მათი არსებობის შემთხვევაში); შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერა, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის წარმომადგენლის ხელმოწერა, ხოლო მის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში – სულ ცოტა ორი დამსწრის ხელმოწერა.

4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დამრღვევი პირის ქმედებაში გამოიკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნები, სააგენტო შემოწმების მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს საგამოძიებო ორგანოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/18.md
