---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3654557-elektronuli-dokumentisa-da-elektronuli-sando-momsakhurebis-shesakheb/2"
law: "ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ"
article: "2"
identifier: "639-IIს"
adopted: "2017-04-21"
consolidated_as_of: "2023-02-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

> Text consolidated as of 2023-02-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2023-02-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3654557-elektronuli-dokumentisa-da-elektronuli-sando-momsakhurebis-shesakheb/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული ფორმით შენახული ტექსტობრივი, ხმოვანი, ვიზუალური ან აუდიოვიზუალური ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა;
ბ) მატერიალური დოკუმენტი – ქაღალდის ან სხვა მატერიალური ფორმით წარდგენილი ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა;
გ) ხელმომწერი – ფიზიკური პირი, რომელიც ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ელექტრონულ დოკუმენტს ელექტრონულად აწერს ხელს;
დ) შტამპის დამსმელი – იურიდიული პირი, რომელიც ელექტრონულ დოკუმენტზე ელექტრონულ შტამპს ქმნის. ამ კანონის მიზნებისათვის „იურიდიული პირი“ გულისხმობს აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, არარეგისტრირებულ კავშირს, ამხანაგობას;
ე) ელექტრონული ხელმოწერა – ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის ხელმოსაწერად გამოიყენება;
ვ) ელექტრონული შტამპი – ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის სისწორის დასადასტურებლად გამოიყენება;
ზ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემები – მონაცემები, რომლებიც ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შესამოწმებლად გამოიყენება;
თ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემები – უნიკალური მონაცემები, რომლებსაც ხელმომწერი/შტამპის დამსმელი ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შესაქმნელად იყენებს;
ი) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება – პროგრამული ან/და აპარატული უზრუნველყოფის საშუალებების ერთობლიობა, რომელიც ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შესაქმნელად გამოიყენება;
კ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი – უნიკალური ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემებს ხელმომწერთან/შტამპის დამსმელთან აკავშირებს და შეიცავს სულ მცირე ხელმომწერის სახელს ან/და ფსევდონიმს/შტამპის დამსმელის სრულ სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო კოდს (ასეთი კოდის არსებობის შემთხვევაში);
ლ) განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა – ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ლ.ა) იგი მხოლოდ ხელმომწერთანაა დაკავშირებული;
ლ.ბ) მისი მეშვეობით ხელმომწერის დადგენაა შესაძლებელი;
ლ.გ) იგი შექმნილია ელექტრონული ხელმოწერის შექმნის იმ მონაცემების საშუალებით, რომელთა გამოყენებაც ხელმომწერს, მტკიცე რწმუნებით, ერთპიროვნული კონტროლით შეუძლია;
ლ.დ) იგი ხელმოწერილ მონაცემებთან ისეა დაკავშირებული, რომ მათი  შემდგომი ცვლილების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა;
მ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა – განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შექმნის საშუალების გამოყენებით, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის საფუძველზეა შესრულებული;
ნ) განვითარებული ელექტრონული შტამპი – ელექტრონული შტამპი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ნ.ა) იგი მხოლოდ შტამპის დამსმელთანაა დაკავშირებული;
ნ.ბ) მისი მეშვეობით შტამპის დამსმელის დადგენაა შესაძლებელი;
ნ.გ) იგი შექმნილია ელექტრონული შტამპის შექმნის იმ მონაცემების საშუალებით, რომელთა გამოყენებაც შტამპის დამსმელს, მტკიცე რწმუნებით, საკუთარი კონტროლით შეუძლია;
ნ.დ) იგი შტამპდასმულ მონაცემებთან ისეა დაკავშირებული, რომ მათი  შემდგომი ცვლილების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა;
ო) კვალიფიციური ელექტრონული შტამპი – განვითარებული ელექტრონული შტამპი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების გამოყენებით, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის საფუძველზეა შესრულებული;
პ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება – ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
პ.ა) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნისას გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემები კონფიდენციალურია. ხელმომწერს/შტამპის დამსმელს უფლება აქვს, ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის მონაცემების მართვის უფლება გადასცეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელს, რომელიც უფლებამოსილია ამ მონაცემების დუბლირება მხოლოდ მათი სარეზერვო ასლის შესაქმნელად მოახდინოს. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების მართვის, აგრეთვე ამ მონაცემების სარეზერვო ასლის შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომ – ტექნიკური რეგლამენტი);
პ.ბ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნისას გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემები უნიკალურია;
პ.გ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნისას გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების გონივრულ ფარგლებში გამოყვანა შეუძლებელია და ელექტრონული ხელმოწერა/ელექტრონული შტამპი არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით საიმედოდაა დაცული გაყალბებისაგან;
პ.დ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებამ არ უნდა შეცვალოს ხელმოსაწერი/შტამპდასასმელი მონაცემები და ხელი არ უნდა შეუშალოს მონაცემების ხელმომწერთან/შტამპის დამსმელთან ხელმოწერამდე/შტამპის დასმამდე წარდგენას;
პ.ე) დაკმაყოფილებულია ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სხვა პირობები;
ჟ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი – ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნებს;
რ) დროის აღნიშვნა – ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც ელექტრონულ დოკუმენტს კონკრეტულ დროსთან აკავშირებს და მითითებულ დროს ელექტრონული დოკუმენტის არსებობის დასადასტურებლად გამოიყენება;
ს) დროის კვალიფიციური აღნიშვნა – კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული დროის აღნიშვნა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნებს;
ტ) სანდო მომსახურება – ელექტრონული მომსახურება, რომლის მიზანია ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის ან დროის აღნიშვნის შექმნა, შემოწმება, ნამდვილობის დადგენა ან/და შენახვა;
უ) კვალიფიციური სანდო მომსახურება – სანდო მომსახურება, რომლის მიზანია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ან დროის კვალიფიციური აღნიშვნის და მათთან დაკავშირებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის შექმნა, შემოწმება, ნამდვილობის დადგენა ან/და შენახვა;
ფ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი – პირი, რომელიც ავტორიზებულია ამ კანონის შესაბამისად და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან ერთზე მეტი კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებას;
ქ) შინაგანაწესი – კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისათვის შესასრულებლად სავალდებულო საჯარო განაცხადი მის მიერ მომსახურების მიწოდების წესის შესახებ;
ღ) მტკიცე რწმუნება – ობიექტური გარემოებების, ფაქტების ან/და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც იძლევა საკმარის საფუძველს იმაში დასარწმუნებლად, რომ განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემები გამოიყენება ხელმომწერის ერთპიროვნული კონტროლით, ხოლო განვითარებული ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემები – იურიდიული პირის კონტროლით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3654557-elektronuli-dokumentisa-da-elektronuli-sando-momsakhurebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3654557-elektronuli-dokumentisa-da-elektronuli-sando-momsakhurebis-shesakheb/3.md
