---
title: "მუხლი 6. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი — ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3654557-elektronuli-dokumentisa-da-elektronuli-sando-momsakhurebis-shesakheb/6"
law: "ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ"
article: "6"
identifier: "639-IIს"
adopted: "2017-04-21"
consolidated_as_of: "2023-02-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი — ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

> Text consolidated as of 2023-02-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2023-02-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3654557-elektronuli-dokumentisa-da-elektronuli-sando-momsakhurebis-shesakheb/6

1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი სულ მცირე უნდა შეიცავდეს:
ა) ელექტრონული დამუშავებისათვის გამოსადეგ აღნიშვნას იმის თაობაზე, რომ სერტიფიკატი გაცემულია, როგორც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი;
ბ) მონაცემთა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის იდენტიფიკაციისათვის: სულ მცირე კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებას და იმ ქვეყნის კოდს, რომელშიც რეგისტრირებულია იგი;
გ) მონაცემთა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია ხელმომწერის/შტამპის დამსმელის იდენტიფიკაციისათვის: სულ მცირე სახელს ან/და ფსევდონიმს/სრულ სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო კოდს;
დ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემებს, რომლებიც შეესაბამება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემებს;
ე) სერტიფიკატის მოქმედების დაწყებისა და დასრულების თარიღებს;
ვ) სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელიც სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის უნიკალურია;
ზ)  იმ ელექტრონული მომსახურების ელექტრონულ მისამართს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სერტიფიკატის მოქმედების სტატუსის გამოსათხოვად;
თ) ელექტრონული დამუშავებისათვის გამოსადეგ აღნიშვნას ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის კვალიფიციურ საშუალებაში განთავსების თაობაზე (აღნიშნული მონაცემების ამგვარ საშუალებაში განთავსების შემთხვევაში).

2. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს უნდა ჰქონდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/განვითარებული ელექტრონული შტამპი.

3. სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, შინაგანაწესით განსაზღვრულ ფარგლებში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი შეიძლება დამატებით მონაცემებს შეიცავდეს. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს, დამატებითი მონაცემები შეიტანოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატთან დაკავშირებულ სხვა ელექტრონულ დოკუმენტში (ატრიბუტების კვალიფიციური სერტიფიკატი), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იგი უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომლებითაც შესაძლებელია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის იდენტიფიკაცია;
ბ) მას უნდა ჰქონდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/განვითარებული ელექტრონული შტამპი.

4. ინფორმაციის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატში განთავსებისა და მართვის წესები ვრცელდება ატრიბუტების კვალიფიციურ სერტიფიკატზე.

5. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებას ახორციელებს, ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია:
ა) ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოახდინოს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის იდენტიფიკაცია, რომელზედაც სერტიფიკატი გაიცემა;
ბ) სერტიფიკატის გაცემისას უზრუნველყოს მასში ჩაწერილი მონაცემების უტყუარობა;
გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს სერტიფიკატის დაუყოვნებლივ გაუქმება;
დ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება და სერტიფიკატის ხელახალი ამოქმედება, თუ ეს მომსახურება შინაგანაწესითაა გათვალისწინებული;
ე) აწარმოოს თავის მიერ გაცემული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატების მონაცემთა ბაზა და უზრუნველყოს მისი განახლება;
ვ) დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, ინტერნეტის საშუალებით, უწყვეტ რეჟიმში მიაწოდოს მას ინფორმაცია სერტიფიკატის მოქმედების სტატუსის ან სერტიფიკატის გაუქმების შესახებ;
ზ) უზრუნველყოს თავის მიერ გაცემული სერტიფიკატების, აგრეთვე მათთან დაკავშირებული ყველა იმ მონაცემისა და ფაქტის აღრიცხვა და სერტიფიკატების გაუქმებიდან სულ მცირე 6 წლის განმავლობაში (შინაგანაწესით განსაზღვრულ ცალკეულ შემთხვევებში – 6 წელზე მეტი ხნით) შენახვა და შესაბამისი დროის ზუსტად მითითება, რომლებიც შესაძლებელია სამართალწარმოების დროს ან მომსახურების განგრძობადობის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასცეს ფსევდონიმით დარეგისტრირებული სერტიფიკატის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

6. შინაგანაწესში დამატებით მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების აღწერილობა;
ბ) სერტიფიკატის გაცემის წესი;
გ) სერტიფიკატთან დაკავშირებული მომსახურების ფარგლები, მათ შორის, ფსევდონიმის გამოყენებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემების შემცველი სერტიფიკატის გაცემის საკითხები;
დ) სერტიფიკატის მოქმედების ფარგლები;
ე) გაცემული სერტიფიკატის აღრიცხვისა და შენახვის წესები;
ვ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემების შექმნისა და შენახვის წესები;
ზ) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების, სერტიფიკატის ხელახალი ამოქმედებისა და სერტიფიკატის გაუქმების წესები და ტექნიკური პროცედურები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3654557-elektronuli-dokumentisa-da-elektronuli-sando-momsakhurebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3654557-elektronuli-dokumentisa-da-elektronuli-sando-momsakhurebis-shesakheb/7.md
