---
title: "მუხლი 13. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შინაარსი — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/13"
law: "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"
article: "13"
identifier: "890-IIს"
adopted: "2017-06-01"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შინაარსი — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, მუხლი 13 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/13

1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი თ დადგენილი მოთხოვნებისა, უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას საქმიანობის განხორციელების ადგილისა და საქმიანობის სახის შესახებ;
ბ) ინფორმაციას გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლიცენზიის/ნებართვის გაცემის დროს;
გ) პირობებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში და ექსპლუატიის დასრულების შემდეგ;
დ) ინფორმაციას საქმიანობის შემდგომი ანალიზის მიზნის, მასშტაბისა და პერიოდულობის შესახებ;
ე) ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებასთან დაკავშირებით ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელების შემთხვევაში – ინფორმაციას აღნიშნული პროცედურის შედეგების შესახებ.

2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, შესაძლებელია შეიცავდეს:
ა) მოთხოვნებს საწარმოო ავარიის შედეგად ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად;
ბ) საქმიანობის განხორციელებით გარემოზე შესაძლო ზემოქმედების თავიდან აცილების, შემცირების ან შერბილების ვალდებულებას ან/და შესაბამისი კომპენსაციის ვალდებულებას;
გ) ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის საკომპენსაციო ღონისძიებებს ან/და შემარბილებელ ღონისძიებებს, რომლებიც დგინდება საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე პირთან შეთანხმებით;
დ) ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. სააგენტო ვალდებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში ასახოს ინფორმაცია:
ა) საზოგადოების მონაწილეობის პროცედურების განხორციელებისა და მის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინების შესახებ;
ბ) ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინების შესახებ;
გ) გზშ-ის ანგარიშში მოცემული შეფასებების გათვალისწინების შესახებ.

4. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია შეასრულოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობები.
შენიშვნა: გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა არ წარმოშობს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე პირის მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებას ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებით და მოიცავს მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5951 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1106 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/14.md
