---
title: "მუხლი 18. ზოგადი დებულებანი — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/18"
law: "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"
article: "18"
identifier: "890-IIს"
adopted: "2017-06-01"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. ზოგადი დებულებანი — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, მუხლი 18 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/18

1. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებასა და განხილვას, საზოგადოების მონაწილეობას და მასთან კონსულტაციებს, სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სგშ-ის ანგარიშში ასახული ინფორმაციის, აგრეთვე სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტსა და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციებისა და საზოგადოების მონაწილეობის შედეგების გათვალისწინებას და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისა და დაინტერესებული უწყებებისთვის მიწოდებას.

2. იმ სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისთვის/დამტკიცებისთვის, რომელიც, ამ კოდექსის შესაბამისად, სგშ-ს ექვემდებარება, აუცილებელია სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდაციების გაცემა.

3. დამგეგმავი ორგანო ვალდებულია სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფცია ან პროექტი მისი შემუშავების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე.

4. სგშ-ის ჩატარებისათვის პასუხისმგებელია დამგეგმავი ორგანო.

5. თუ სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელება იწვევს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას, გამოყენებული უნდა იქნეს ამ კოდექსის V თავით გათვალისწინებული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა.

6. ამ კოდექსის ამოქმედებამდე მიღებული სტრატეგიული დოკუმენტი და ამ სტრატეგიულ დოკუმენტში შესატანი ცვლილება სგშ-ს არ ექვემდებარება და მათზე არ ვრცელდება ამ კოდექსით სგშ-ისთვის დადგენილი პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად დამგეგმავი ორგანო მოითხოვს სგშ-ის ჩატარებას.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/19.md
