---
title: "მუხლი 20. სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტი — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/20"
law: "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"
article: "20"
identifier: "890-IIს"
adopted: "2017-06-01"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტი — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, მუხლი 20 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/20

1. თუ ნორმატიული აქტით გათვალისწინებულია სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/გამოცემის შესაძლებლობა, ამ ნორმატიულ აქტში უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
ა) სტრატეგიულ დოკუმენტში შესაბამისი სექტორისა და საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით შემდეგი ზოგადი გარემოსდაცვითი ასპექტების ასახვა: სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების (საქმიანობების) განხორციელების მიახლოებითი გეოგრაფიული არეალი, საორიენტაციო ხანგრძლივობა, დაცულ ტერიტორიებზე, ურბანულ და სასოფლო ზონებზე გავრცელება და მათი განხორციელებით გარემოზე შესაძლო ზემოქმედების ძირითადი სახეები;
ბ) სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვის, მასზე შენიშვნების მიღების და მათი ანალიზის შესაძლებლობა;
გ) სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტსა და სგშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემის შესაძლებლობა.

2. სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის მომზადების, სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/გამოცემის და განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. სტრატეგიული დოკუმენტი, რომლის განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, ექვემდებარება სგშ-ს ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების გათვალისწინებით.

4. სგშ-ის ჩატარება სავალდებულოა ისეთი სტრატეგიული დოკუმენტისთვის, აგრეთვე ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სტრატეგიულ დოკუმენტში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება ითვალისწინებს სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული განსახორციელებელი საქმიანობის/საქმიანობების მასშტაბის გაზრდას, საქმიანობის განხორციელების ადგილის ცვლილებას (მათ შორის, გაზრდას), საქმიანობის/საქმიანობების სახეობის/სახეობების, ექსპლუატაციის პირობების ან წარმადობის ცვლილებას), რომლითაც დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობებისთვის შემდეგ სექტორებში:
ა) სოფლის მეურნეობა;
ბ) სატყეო მეურნეობა;
გ) თევზჭერა;
დ) ენერგეტიკა;
ე) მრეწველობა;
ვ) ტრანსპორტი;
ზ) ნარჩენების მართვა;
თ) წყლის რესურსების მართვა;
ი) ელექტრონული კომუნიკაციები;
კ) ტურიზმი;
ლ) სივრცითი დაგეგმარება და ქალაქთმშენებლობა.

5. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგის პროცედურას ექვემდებარება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტში ცვლილება, რომელზედაც სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულია რეკომენდაციები. სგშ-ის პროცედურა სავალდებულოა სტრატეგიულ დოკუმენტში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის, რომელიც:
ა) ახდენს გარემოზე ხანგრძლივ და შეუქცევ ან მაღალი კუმულაციური ეფექტის მქონე ზემოქმედებას;
ბ) გარემოს ან/და ადამიანის ჯანმრთელობას მომეტებულ რისკს უქმნის;
გ) ახდენს ზემოქმედებას უნიკალური ბუნებრივი მახასიათებლების ან კულტურული მემკვიდრეობის შემცველ ტერიტორიაზე, დაცულ ტერიტორიაზე, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე ან/და ლანდშაფტზე, რომელსაც მინიჭებული აქვს ადგილობრივი მნიშვნელობის ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი.

6. თუ დამგეგმავი ორგანო მიიჩნევს, რომ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტი ან სტრატეგიულ დოკუმენტში მცირედი ცვლილება სგშ-ის ჩატარებას საჭიროებს, იგი უფლებამოსილია სგშ-ის ჩატარებისთვის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართოს პირდაპირ სკოპინგის განცხადებით. თუ დამგეგმავი ორგანო მიიჩნევს, რომ სგშ-ის ჩატარება საჭირო არ არის, იგი უფლებამოსილია სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრის მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული სკრინინგის პროცედურა, რომლის შედეგების მიხედვით ჩატარდება ან არ ჩატარდება სგშ.

7. საქართველოს საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში სგშ-ის ჩატარების ვალდებულება შესაძლებელია გავრცელდეს იმ სტრატეგიულ დოკუმენტზე, რომლითაც დგინდება ჩარჩო სამომავლოდ განსახორციელებელი იმ საქმიანობისთვის, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კოდექსის I და II დანართებით ან/და არ მიეკუთვნება ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ სექტორებს.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3106 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/21.md
