---
title: "მუხლი 6. ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირება — სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/6"
law: "სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 3695226"
adopted: "2017-06-01"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირება — სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/6

1. დაუშვებელია ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის საქართველოს ბაზარზე სერტიფიკატის გარეშე განთავსება.

2. სერტიფიკატი გაიცემა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესით“ განსაზღვრული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის კონკრეტული პარტიებისათვის.

3. ჯიშების თესლი და სარგავი მასალა, რომელთა სერტიფიცირება სავალდებულოა, ექვემდებარება საველე ინსპექტირებასა და ლაბორატორიულ შემოწმებას მათი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.

4. სერტიფიცირების ორგანო უფლებამოსილია ჩაატაროს საკონტროლო გამოცდა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის პარტიის ჯიშობრივი იდენტურობისა და ჯიშობრივი სიწმინდის შესამოწმებლად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად.

5. პირი, რომელიც რეალიზაციის მიზნით აწარმოებს ჯიშების თესლსა და სარგავ მასალას, ვალდებულია:
ა) სერტიფიცირების ორგანოს წარუდგინოს განაცხადი თესლისა და სარგავი მასალის საველე ინსპექტირებისა და ლაბორატორიული შემოწმების შედეგების შესახებ;
ბ) თესლი და სარგავი მასალა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაამზადოს;
გ) შეინახოს ბოლო 5 წლის განმავლობაში დამზადებული, რეალიზებული და გამოყენებული თესლისა და სარგავი მასალის რაოდენობისა და წარმომავლობის შესახებ დოკუმენტაცია;
დ) ხელი შეუწყოს საველე ინსპექტორს მოვალეობათა შესრულებაში.

6. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება:
ა) სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა;
ბ) სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/7.md
