---
title: "მუხლი 7. შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება — ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/7"
law: "ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 3936688"
adopted: "2017-12-13"
consolidated_as_of: "2024-02-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება — ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

> Text consolidated as of 2024-02-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2024-02-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/7

1. სამსახურის თანხმობით განმცხადებელს უფლება აქვს, საქონლის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით შეამოწმოს შეჩერებული საქონელი და აიღოს შესამოწმებელი საქონლის ნიმუში. განმცხადებლის თხოვნის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია თავად აიღოს შესამოწმებელი საქონლის ნიმუში და ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველსაყოფად განმცხადებელს გაუგზავნოს. საქონლის ნიმუშებისათვის პასუხისმგებლობა განმცხადებელს ეკისრება. ამასთანავე, თუ აღებული ნიმუში სრულად არ იქნება გახარჯული, განმცხადებელი ვალდებულია ექსპერტიზის დასრულებისთანავე დააბრუნოს ნიმუში ან მისი დარჩენილი ნაწილი.

2. განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის შეჩერების ვადის 10 სამუშაო დღით გაგრძელება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა არასაკმარისია შესამოწმებელი საქონლის აღებული ნიმუშის ექსპერტიზის ჩასატარებლად. მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში ვადა არ გაგრძელდება.

3. მოთხოვნის საფუძველზე სამსახური ვალდებულია განმცხადებელსა და საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია (მათ შორის, საქონლის ფაქტობრივი/სავარაუდო რაოდენობის, სახეობის, გამომგზავნის ან/და მიმღების, წარმოშობის ქვეყნის და დანიშნულების ადგილის შესახებ ინფორმაცია), რომელიც აუცილებელია საქონლის იდენტიფიცირებისათვის და შემოწმების ჩატარებისათვის. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება აკრძალულია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა. განმცხადებლის მიერ ამ ინფორმაციის გამჟღავნება იწვევს სამსახურის მიერ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღებას და საქონლის შეჩერების პროცედურის შეწყვეტას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/8.md
