---
title: "მუხლი 14. ცენტრის მართვის ორგანოები — საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3949505-sakartvelos-teritoriaze-modzravi-utskho-sakhelmwiposhi-registrirebuli-/14"
law: "საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ"
article: "14"
identifier: "1775-Iს"
adopted: "2017-12-15"
consolidated_as_of: "2019-12-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. ცენტრის მართვის ორგანოები — საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

> Text consolidated as of 2019-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2019-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3949505-sakartvelos-teritoriaze-modzravi-utskho-sakhelmwiposhi-registrirebuli-/14

1. ცენტრის მართვის ორგანოებია: მზღვეველთა კრება და ცენტრის დირექტორი.

2. ცენტრის მზღვეველთა კრებას აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები:
ა) ამ კანონთან შესაბამისობის დასადასტურებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინოს ცენტრის წესდება და მიიღოს თანხმობა; აღნიშნული პროცედურის დაცვით შეიტანოს ცენტრის წესდებაში ცვლილებები;
ბ) უზრუნველყოს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის აღსრულება;
გ) განიხილოს და დაამტკიცოს ცენტრის ყოველწლიური საფინანსო-ეკონომიკური გეგმა და განსაზღვროს მზღვეველის მიერ ცენტრის ადმინისტრაციული ხარჯებისათვის შენატანის ოდენობა;
დ) ამ კანონთან შესაბამისობის დასადასტურებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინოს ცენტრის დირექტორის კანდიდატურა და მიიღოს თანხმობა მის დანიშვნაზე ან გათავისუფლებაზე;
ე) დაამტკიცოს ცენტრის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა;
ვ) ცენტრის წესდებით განსაზღვროს ცენტრის მზღვეველთა კრების მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების წესები;
ზ) შეასრულოს სხვა ფუნქციები, რომლებიც განსაზღვრულია ცენტრის წესდებით და არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

3. პირს ეკრძალება, იყოს ცენტრის დირექტორი, თუ:
ა) იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;
ბ) მას არა აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ;
გ) მას არა აქვს საფინანსო სფეროში მუშაობის სულ მცირე 5 წლის პროფესიული გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება.

4. ცენტრის დირექტორის უფლებები და მოვალეობებია:
ა) ცენტრის ხელმძღვანელობა და მისი საქმიანობის წარმართვა, ცენტრის მზღვეველთა კრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ცენტრის წარმოდგენა მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ბ) ცენტრის მზღვეველთა კრების მოწვევის ორგანიზება;
გ) ცენტრის ყოველწლიური საფინანსო-ეკონომიკური გეგმის შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა და მისი განსახილველად ცენტრის მზღვეველთა კრებისათვის წარდგენა;
დ) ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, საორგანიზაციო საქმიანობის და ცენტრის წესდებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების კონტროლი, სამართლებრივი, ინფორმაციული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ე) ცენტრის სახსრების განკარგვა და მათი მიზნობრივი გამოყენების კონტროლი, ცენტრის დირექტორის მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრების მიზნობრივი ხარჯვისთვის პასუხისმგებლობა;
ვ) ცენტრის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;
ზ) ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის ცენტრის მზღვეველთა კრებისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
თ) ფუნქციების კეთილსინდისიერად შესრულება, კერძოდ, ცენტრის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა სავალდებულო დაზღვევის პოლისების რეალიზაციის, ზარალის რეგულირების და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის პროცესების დროულად წარმართვისათვის;
ი) ცენტრის წესდებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3949505-sakartvelos-teritoriaze-modzravi-utskho-sakhelmwiposhi-registrirebuli-/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3949505-sakartvelos-teritoriaze-modzravi-utskho-sakhelmwiposhi-registrirebuli-/15.md
