---
title: "მუხლი 3. ზოგადი პირობები — საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3949505-sakartvelos-teritoriaze-modzravi-utskho-sakhelmwiposhi-registrirebuli-/3"
law: "საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ"
article: "3"
identifier: "1775-Iს"
adopted: "2017-12-15"
consolidated_as_of: "2019-12-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ზოგადი პირობები — საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

> Text consolidated as of 2019-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2019-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3949505-sakartvelos-teritoriaze-modzravi-utskho-sakhelmwiposhi-registrirebuli-/3

1. უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს ტერიტორიაზე მისი ყოფნის სრული პერიოდით, მაგრამ არანაკლებ ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ვადისა. სავალდებულო დაზღვევით ანაზღაურდება ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით და მისგან გამომდინარე დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანი (ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დასახელება სავალდებულო არ არის).

2. უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის − საბაჟო დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს სასაზღვრო გამტარ პუნქტში განუმარტავს სავალდებულო დაზღვევის შეძენის ვალდებულებას.

3. სავალდებულო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ცენტრში, მზღვეველთან, დაზღვევის აგენტის ან სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით ან ელექტრონულ-ტექნიკური გადახდის საშუალებით.

4. სავალდებულო დაზღვევა მოქმედებს სავალდებულო დაზღვევის პოლისში მითითებული ვადით. ამასთანავე, სავალდებულო დაზღვევა იწყება შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდის მომენტიდან და სრულდება სავალდებულო დაზღვევის პოლისში აღნიშნული დაზღვევის პერიოდის დასრულების დღის 24 საათზე.

5. ამ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევის პოლისი მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3949505-sakartvelos-teritoriaze-modzravi-utskho-sakhelmwiposhi-registrirebuli-/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3949505-sakartvelos-teritoriaze-modzravi-utskho-sakhelmwiposhi-registrirebuli-/4.md
