---
title: "მუხლი 12. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობა — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/12"
law: "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"
article: "12"
identifier: "1825-რს"
adopted: "2017-12-22"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობა — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/12

1. საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს სამინისტროებსა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.

2¹. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.

3. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების წესისაგან განსხვავებული, საგამონაკლისო წესი შესაძლებელია დადგინდეს საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის დასაბუთებული შუამდგომლობით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების წესისაგან განსხვავებული, საგამონაკლისო წესი – საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის დასაბუთებული შუამდგომლობით, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით. ამ პუნქტით დადგენილი შეთანხმების ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე.
საქართველოს 2020 წლის 18 თებერვლის კანონი №5718 – ვებგვერდი, 24.02.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/13.md
