---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/2"
law: "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"
article: "2"
identifier: "1825-რს"
adopted: "2017-12-22"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/2

1. ამ კანონში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საჯარო დაწესებულება – საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაცია;
ბ) შრომის ანაზღაურება (ხელფასი) – თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი სახელფასო დანამატი, საკლასო დანამატი, დიპლომატიური რანგის დანამატი, ფულადი ჯილდო;
ბ 1 ) სტაჟიორის შრომის ანაზღაურება – ანაზღაურება, რომელსაც სტაჟიორი შესაბამისი დაწესებულების გადაწყვეტილებით იღებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტაჟირების გავლის პერიოდში;
გ) თანამდებობრივი სარგო – საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის განსაზღვრული ყოველთვიური ანაზღაურება, რომელიც დამტკიცებულია შესაბამისი საშტატო ნუსხით ან განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკრულებით;
დ) სახელფასო დანამატი – საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, განსაზღვრული თანხა;
ე) საკლასო დანამატი – მოხელისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის კლასის შესაბამისი დანამატი;
ე 1 ) დიპლომატიური რანგის დანამატი − „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დიპლომატიური რანგისთვის დაწესებული დანამატი;
ვ) ფულადი ჯილდო – მოხელისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის შეფასების შედეგების შესაბამისად წახალისების საშუალება; საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის (გარდა მოხელისა) მიერ მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გათვალისწინებული წახალისების საშუალება;
ზ) საბაზო თანამდებობრივი სარგო – ამ კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს საბაზო ოდენობა, რომლის ამ კანონის შესაბამისი დანართის ცხრილით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით მიიღება კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგო;
თ) თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვა – კონკრეტული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ ფუნქციათა ერთობლიობის შეფასების შედეგი, რომელიც ეფუძნება ამ თანამდებობისათვის/პოზიციისათვის გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი პასუხისმგებლობის ხარისხს, მოვალეობათა შესრულების სირთულეს, შესაბამის კომპეტენციას, კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებას.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2298 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2385 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3626 – ვებგვერდი, 15.11.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/3.md
