---
title: "მუხლი 8. მოხელის თანამდებობრივი სარგო — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/8"
law: "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"
article: "8"
identifier: "1825-რს"
adopted: "2017-12-22"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. მოხელის თანამდებობრივი სარგო — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/8

1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისადმი დაქვემდებარებული/მის მიერ დაფუძნებული საჯარო დაწესებულების, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ან/და მის მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობებისათვის თანამდებობრივი სარგოები დგინდება თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.

1¹. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა და მისი მოადგილის თანამდებობრივი სარგოები არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ან/და მათ მიერ დაფუძნებული/მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულებების მოხელეთა თანამდებობებისათვის თანამდებობრივი სარგოები დგინდება თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − რესურსცენტრის უფროსისა და მისი მოადგილის თანამდებობრივი სარგოები არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა და მისი მოადგილის თანამდებობრივი სარგოები არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.
საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3895 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1405 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/9.md
