---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/1"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 4084525"
adopted: "2018-02-21"
consolidated_as_of: "2021-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2021-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2021-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/1

1. ეს კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავ­შირებულ სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი ურთიერთობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10
1
მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის, საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისებაზე ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისება ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;
გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამების ფარგლებში ფიზიკური პირებისათვის შესყიდულ საქონელზე, აგრეთვე ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მისაქცევი ან მიქცეული ქონებისა) დარიგება-გადაცემაზე;
დ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული და დადგენილი წესით დამტკიცებული განათლებისა და კულტურის სფეროში განხორციელებული პროგრამების ფარგლებში ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის პროგრამით გათვალისწინებულ შეძენილ ან/და შექმნილ ქონებაზე;
ე) სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოსთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით ქონების გაგზავნა-გადაცემაზე, აგრეთვე საჩუქრის ან ჯილდოს სახით ქონების გადაცემაზე;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ სანერგე მეურნეობებში წარმოებულ ადგილობრივ და ინტროდუცირებულ ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო და დეკორატიული კულტურების, სარგავი/სათესლე მასალის, ნაყოფისა და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის განკარგვაზე;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ შეძენილი ან/და ბალანსზე რიცხული ქართული წარმოების პროდუქტისა და ქართული ტრადიციული სიმბოლოების შემცველი ნივთების რეალიზაციაზე;
თ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული და დადგენილი წესით დამტკიცებული პროგრამების (ქვეპროგრამების) ფარგლებში შეძენილ ქონებაზე, რომელიც პროგრამის (ქვეპროგრამის) შესაბამისად ექვემდებარება ფიზიკური პირების ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემას.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/2.md
