---
title: "მუხლი 11. უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/11"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 4084525"
adopted: "2018-02-21"
consolidated_as_of: "2021-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2021-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2021-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/11

1. სამინისტრო ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით, ხოლო მთავრობა – ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას, უფლებამოსილია ქონების შემძენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განუსაზღვროს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა და ვადა.

2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე მისი მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

3. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 45 დღის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ ოდენობამდე.

4. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ქონების განმკარგავი სუბიექტის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.

5. ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, პრივატიზებული ქონება ბრუნდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება(ები) უქმდება, თუკი იპოთეკით ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, ქონების შემძენს განმკარგავი სუბიექტის მიერ არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/12.md
