---
title: "მუხლი 16. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/16"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 4084525"
adopted: "2018-02-21"
consolidated_as_of: "2021-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 16. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2021-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2021-12-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/16

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (შემდგომში – მოძრავი ნივთი) აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ნივთის გასხვისების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – დამფუძნებლის თანხმობით.

2. თუ მოძრავი ნივთი არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე არ ერიცხება სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, მის პრივატიზებას აუქციონის ფორმით ახორციელებს სამინისტრო, ხოლო პირდაპირი მიყიდვის ან უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით – მთავრობა, სამინისტროს წარდგინებით.

3. ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თხოვნით, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება, სამინისტრო ან/და მთავრობა უფლებამოსილია განახორციელოს მოძრავი ნივთის ამ კანონით დადგენილი წესით განკარგვა.

4. მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული შემოსავალი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.

5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდეგ შესაბამისი ხელშეკრულება იდება ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირსა და მყიდველს შორის.

6. მთავრობის თანხმობით, სამინისტრო უფლებამოსილია მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური განსაზღვროს საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/17.md
