---
title: "მუხლი 21. ხელისუფლების ორგანოსთვის, საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/21"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 4084525"
adopted: "2018-02-21"
consolidated_as_of: "2021-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. ხელისუფლების ორგანოსთვის, საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2021-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2021-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/21

1. ხელისუფლების ორგანო სამინისტროს მიმართავს წერილობით ქონების პირველად სარგებლობაში გადაცემის შესახებ. სამინისტრო წერილობითი მიმართვის წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მიმართვაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც შესაბამისი ორგანოსთვის ქონების სარგებლობაში გადაცემის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. სამინისტროს მიერ უარის თქმის შემთხვევაში ქონების გადაცემის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.

2. ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შემდეგ, ქონების მიმღები ხელისუფლების ორგანო უფლებამოსილია ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეს ქონება სარგებლობაში გადასცეს ხელისუფლების სხვა ორგანოს, რაზედაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. ხელისუფლების ორგანოს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით სარგებლობაში გადასცეს ის ქონება, რომელიც მის ბალანსზე ირიცხება.

3. ხელისუფლების ორგანო ქონების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე წერილობით, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს იმ ორგანოს, რომელსაც ეს ქონება გადაცემული აქვს ამ კანონით დადგენილი წესით. მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ქონების სარგებლობაში გადაცემის ვადა (თუ არ ხდება უვადოდ გადაცემა), აგრეთვე გადაცემის სხვა პირობები (ასეთების არსებობის შემთხვევაში).

5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებზე. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს თავის სარგებლობაში არსებული ქონების გადაცემის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – დამფუძნებლის თანხმობით.

6. იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგა­ნო, მთავრობის თანხმობით, სახელმწიფო, აფხა­ზე­თის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგი­ლობ­რი­ვი თვით­მმართველობის ორგანომ ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­დი­ულ­მა პირმა ქონება შეიძლება გადასცეს საქართველოს სა­მო­ქა­ლ­ა­ქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორ­მე­ბით, ვა­დით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ.

7. ამ მუხლის საფუძველზე ქონების სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობის უფლების გამცემი პირი ბალანსიდან იხსნის გადაცემულ ქონებას, ხოლო სარგებლობის უფლებით მიმღებ პირს ბალანსზე აჰყავს აღნიშნული ქონება.

8. სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ სარგებლობაში მიღებული ქონების სხვა სახელმწიფო ორგანოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსთვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში უქმდება სამინისტროსა/მოსარგებლესა და ამ ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის საფუძველზედაც უძრავი ქონება სარგებლობაში იყო გადაცემული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/22.md
