---
title: "მუხლი 21. სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილებები — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/21"
law: "თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 4102556"
adopted: "2018-03-07"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილებები — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/21

1. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლების ან სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის სამობილიზაციო კომისია, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის სამობილიზაციო კომისია.

2. სამობილიზაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) კომისიის თავმჯდომარე − მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონში − შესაბამისი რაიონის გამგებელი;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი;
გ) კომისიის წევრი − მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის მოსამსახურე ან მოსამსახურეები, რომელთა  შემადგენლობა და რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად;
დ) კომისიის მდივანი − მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის მოსამსახურე.

3. სამობილიზაციო კომისია სამობილიზაციო რეზერვში გამოძახებულ პირთან დაკავშირებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლების და სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ;
ბ) სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების შესახებ;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებზე უარის თქმის შესახებ.

4. სამობილიზაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5. პირის სამობილიზაციო რეზერვში გამოძახება ან/და სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. პირის სამობილიზაციო რეზერვში გამოძახების ან/და სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს აღნიშნული აქტების მოქმედებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/22.md
