---
title: "მუხლი 25. სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის სოციალური დაცვა — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/25"
law: "თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 4102556"
adopted: "2018-03-07"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის სოციალური დაცვა — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/25

1. რეზერვისტი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში სარგებლობს სამხედრო მოსამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური გარანტიებით.

2. სამხედრო სარეზერვო სამსახურის პერიოდად (შრომის სტაჟად) ითვლება:
ა) აქტიური სარეზერვო სამსახურის შემთხვევაში − კონტრაქტით განსაზღვრული პერიოდი;
ბ) სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის შემთხვევაში − გამოძახების შემდეგ შემკრებ პუნქტში გამოცხადებიდან სარეზერვო სამსახურის დასრულებამდე პერიოდი.

3. სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება:
ა) აქტიური სარეზერვო სამსახურის შემთხვევაში − გამოძახების შემდეგ შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფში ყოფნის პერიოდი;
ბ) სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის შემთხვევაში − სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი.

4. სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოძახების პერიოდში რეზერვისტს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და შრომის ანაზღაურება, მიუხედავად დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. ამასთანავე, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს რეზერვისტთან შრომით ურთიერთობაში მყოფი დამსაქმებლის შეუფერხებელი საქმიანობა.

5. სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს უნარჩუნდება სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, აგრეთვე „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური დაცვის გარანტიები.
თავი VIII. პასუხისმგებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდებისათვის

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/26.md
