---
title: "მუხლი 8. პირველადი სამედიცინო დახმარება, სახანძრო უსაფრთხოება, ევაკუაცია, მომეტებული საფრთხე — შრომის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4103880-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/8"
law: "შრომის უსაფრთხოების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 4103880"
adopted: "2018-03-07"
consolidated_as_of: "2019-02-19"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2019-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. პირველადი სამედიცინო დახმარება, სახანძრო უსაფრთხოება, ევაკუაცია, მომეტებული საფრთხე — შრომის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2019-02-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2019-03-04.
> Cite as: შრომის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2019-02-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4103880-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/8

1. დამსაქმებელი ვალდებულია:
ა) საწარმოს სიდიდის, საქმიანობის სფეროსა და სხვა პირობების გათვალისწინებით მიიღოს პირველადი სამედიცინო დახმარების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ევაკუაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ზომები;
ბ) განახორციელოს აუცილებელი და მყისიერი კომუნიკაცია სასწრაფო, სამაშველო, სახანძრო და სხვა სპეციალიზებულ სამსახურებთან.

2. დამსაქმებელი ვალდებულია პირადად ან/და დანიშნული/მოწვეული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ან სპეციალური სამსახურის მეშვეობით დაუყოვნებლივ აცნობოს ყველა დასაქმებულსა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირს, რომლებსაც ემუქრებათ ან შესაძლოა დაემუქროთ მომეტებული საფრთხე, პრევენციული და საევაკუაციო ზომებისა და უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ.

3. მომეტებული საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა და გასცეს სამუშაოს შეწყვეტის ბრძანება, რათა დასაქმებულებმა და სამუშაო სივრცეში მყოფმა სხვა პირებმა შეძლონ სამუშაო ადგილებიდან უსაფრთხო ზონაში გასვლა.

4. დამსაქმებელს უფლება არ აქვს, მოსთხოვოს დასაქმებულს ან სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირს სამუშაოს გაგრძელება მანამდე, სანამ არსებობს მომეტებული საფრთხე.

5. დასაქმებული არ უნდა აღმოჩნდეს არახელსაყრელ მდგომარეობაში მომეტებული საფრთხის არსებობის დროს სამუშაო ადგილის ან/და საფრთხის შემცველი ტერიტორიის მიტოვებისას საკუთარი ქმედების გამო და დაცული უნდა იყოს ზიანის მომტანი შედეგებისგან.

6. დამსაქმებელმა უნდა იზრუნოს, რომ მომეტებული საფრთხის არსებობის შემთხვევაში თითოეულ დასაქმებულს/სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირს, რომელსაც არ შეუძლია მიმართოს უშუალო ხელმძღვანელს, ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი ზომები, მათ შორის, დატოვოს სამუშაო ადგილი, საკუთარი ან სხვა პირების უსაფრთხოების დასაცავად, რათა თავიდან იქნეს აცილებული აღნიშნული საფრთხის შედეგები.

7. დამსაქმებელმა არ უნდა ჩააყენოს დასაქმებული არახელსაყრელ მდგომარეობაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ზომების მიღების გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასაქმებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუდევარ ან/და გაუფრთხილებელ ქმედებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4103880-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4103880-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/9.md
