---
title: "მუხლი 21. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ძირითადი პირობები — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/21"
law: "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
article: "21"
identifier: "2273-IIს"
adopted: "2018-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ძირითადი პირობები — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/21

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ძირითად პირობებს, მათ შორის:
ა) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების საგანს, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობასა და მახასიათებლებს, საჯარო ინფრასტრუქტურასთან ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს;
ბ) მხარეთა შორის საჯარო ინფრასტრუქტურაზე ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ქონებაზე ქონებრივი უფლებების განაწილებისა და გადაცემის წესს (მისი არსებობის შემთხვევაში);
გ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
დ) ხელმისაწვდომობის ანაზღაურებას/შედეგზე დაფუძნებულ ანაზღაურებას ან/და კერძო პარტნიორისათვის განსახორციელებელ სხვა გადახდებს (მათი არსებობის შემთხვევაში);
ე) საჯარო პარტნიორისათვის განსახორციელებელ გადახდებს (მათი არსებობის შემთხვევაში);
ვ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, წესსა და შედეგებს.

2. ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის შემთხვევაში პარტნიორთა შეთანხმება/წესდება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხების გარდა, უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) ერთობლივი ფინანსური რესურსების ტიპს, ოდენობასა და ფორმას;
ბ) ისეთი ორგანიზაციული ცვლილების განხორციელების წესს, რომლისთვისაც კერძო პარტნიორს საჯარო პარტნიორის თანხმობა სჭირდება, მათ შორის, ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის პარტნიორის ცვლილებას;
გ) კერძო პარტნიორის ჩანაცვლების ან საჯარო პარტნიორის მიერ ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიიდან გასვლის პირობებსა და წესს.

3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება იდება განსაზღვრული ვადით. აღნიშნული ვადის განსაზღვრის პრინციპები დგინდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

4. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებმა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება დადონ პირდაპირი ხელშეკრულება და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული  სხვა შეთანხმებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/22.md
