---
title: "მუხლი 22. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეცვლა და შეწყვეტა — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/22"
law: "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
article: "22"
identifier: "2273-IIს"
adopted: "2018-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეცვლა და შეწყვეტა — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/22

1. მხარეებს უფლება აქვთ, ურთიერთშეთანხმებით, ნებისმიერ დროს შეიტანონ ცვლილება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში, იმავე ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ცვლილება, რომელიც შეეხება საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების არსებით პირობებს, მათ შორის, ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ პირობებს, შესათანხმებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში შესატან ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ფისკალურ რისკებს, საჯარო პარტნიორი წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. თუ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, შემოთავაზებულ ცვლილებაში იკვეთება არსებითი ფისკალური რისკები ან/და ეს ცვლილება გავლენას ახდენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის თავდაპირველ ღირებულებაზე საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოცულობით, აღნიშნული ცვლილება (ცვლილებები) განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და იმავე ხელშეკრულებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/23.md
