---
title: "მუხლი 23. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონებრივი უფლებები — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/23"
law: "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
article: "23"
identifier: "2273-IIს"
adopted: "2018-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონებრივი უფლებები — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/23

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს საჯარო პარტნიორის მიერ კერძო პარტნიორისათვის გადასაცემ  საჯარო ინფრასტრუქტურაზე ან/და მასთან დაკავშირებულ ქონებაზე შესაბამისი უფლებები, აგრეთვე განისაზღვროს, რომ საჯარო ინფრასტრუქტურა ან/და მასთან დაკავშირებული ქონება დაუბრუნდეს ან არ დაუბრუნდეს საჯარო პარტნიორს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ.

2. კერძო პარტნიორისათვის სახელმწიფო ქონების გადაცემა და მასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდა იმავე კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

3. მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის წესი და პირობები − შესაბამისი კანონმდებლობით.

4. თუ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კერძო პარტნიორს უფლება აქვს, საჯარო ინფრასტრუქტურასა და მასთან დაკავშირებულ ქონებაზე უფლებები საჯარო პარტნიორის წინასწარი წერილობითი თანხმობით, იმავე პირობებით გადასცეს მესამე პირს არაუმეტეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/24.md
