---
title: "მუხლი 43. სოციალური მუშაკის კომპეტენციები — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/43"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "43"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. სოციალური მუშაკის კომპეტენციები — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/43

1. სოციალური მუშაკი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპეტენციებს:
ა) სტრატეგიული კომპეტენცია – ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, შედეგზე ორიენტირებული მიზნებისა და ამოცანების საფუძველზე საკუთარი საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვა;
ბ) მეთოდოლოგიის გამოყენების კომპეტენცია – სოციალური მუშაობის ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სოციალური მუშაობის მეთოდების და ფსიქოსოციალური კონცეფციების გამოყენებით წარმართვა;
გ) სოციალურ-პედაგოგიური კომპეტენცია – ბენეფიციართა მიზნობრივ ჯგუფებთან პედაგოგიურ-აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარება;
დ) სამართლებრივი კომპეტენცია – სამართლებრივ საკითხებზე ბენეფიციარისათვის კონსულტაციის გაწევა და სოციალური მუშაობისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზის გამოყენებით აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება;
ე) ადმინისტრაციული კომპეტენცია – ბენეფიციარის სპეციალური საჭიროებების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად სამთავრობო ან/და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიზნობრივი და კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;
ვ) პერსონალური კომპეტენცია – საკუთარი პროფესიონალიზმის სრულყოფისათვის პიროვნული უნარების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
ზ) კომუნიკაციის კომპეტენცია – ბენეფიციართან სოციალური მუშაობის კომუნიკაციის ვერბალური და არავერბალური ფორმების გამოყენებით წარმართვა;
თ) პროფესიულ-ეთიკური კომპეტენცია – სოციალური მუშაობის პროფესიული ეთიკის ნორმებისა და ღირებულებების საფუძველზე წარმართვა;
ი) პროფესიული განვითარების კომპეტენცია – ბენეფიციართან სოციალური მუშაობის სრულყოფისათვის საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციები გათვალისწინებული უნდა იქნეს სოციალური მუშაკის სამსახურში მიღებისას და სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატის გაცემისას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/44.md
