---
title: "მუხლი 51. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები — სოციალური მუშაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/51"
law: "სოციალური მუშაობის შესახებ"
article: "51"
identifier: "2519-IIს"
adopted: "2018-06-13"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები — სოციალური მუშაობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სოციალური მუშაობის შესახებ, მუხლი 51 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/51

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოციალური მუშაობის სფეროში:
ა) განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში, სტაციონარებსა და ამბულატორიებში სოციალური მუშაკების საჭიროებასა და რაოდენობას, არეგულირებს სოციალური მუშაობის ჩატარების წესს;
ბ) ზედამხედველობას უწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს;
გ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების მონაწილეობით ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე;
დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, სოციალური მუშაობის სფეროში:
ა) „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ახორციელებს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურებს;
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეშვიდე
​
4
კარის თანახმად, „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ასრულებს მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის ფუნქციებს;
გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ფარგლებში ახორციელებს შესაბამის საპროცესო წარმომადგენლობას;
დ) სასამართლო საქმეთა წარმოებისას იცავს არასრულწლოვანთა ან მხარდაჭერის მიმღებთა კანონიერ ინტერესებს;
ე) აფასებს ბენეფიციარის მდგომარეობას, გამოავლენს და განსაზღვრავს მისთვის მომსახურების მიწოდების საჭიროებებს, მას უწევს კონსულტაციას და აკავშირებს არსებულ მომსახურებებთან;
ვ) მართავს და ზედამხედველობს ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, შემთხვევებს და ბავშვთა დაცვის მიზნით მიმართვიანობის პროცედურებს;
ზ) მართავს და ზედამხედველობს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას სხვადასხვა ქვეპროგრამის ფარგლებში;
თ) ზედამხედველობს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას;
ი) დახმარებას უწევს მხარდაჭერის საჭიროების მქონე ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ხანდაზმულებს;
კ) განსაზღვრავს სოციალური მუშაობის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირებს (სოციალურ მუშაკებს);
ლ) მონაწილეობს ბავშვის გადაცემასთან ან შვილთან მეორე მშობლის ან/და ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5464 – ვებგვერდი, 19.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4231958-sotsialuri-mushaobis-shesakheb/52.md
