---
title: "მუხლი 19. ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების პროცედურები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/19"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "19"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების პროცედურები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/19

1. ფიზიკური ან იურიდიული პირი ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ გაგზავნოს შეტყობინება ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − საშუალებით და, შესაძლებლობის შემთხვევაში, საკუთარი ძალებით განახორციელოს ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირება.

2. ერთიან სატელეფონო ნომერზე − „112“-ზე − შესული შეტყობინება მიეწოდება ეროვნული სისტემის შესაბამის მორეაგირე ორგანოს. ერთიან სატელეფონო ნომერზე − „112“-ზე − შესული შეტყობინების შესახებ ინფორმაციის ეროვნული სისტემის შესაბამისი მორეაგირე ორგანოსათვის მიწოდებისას და ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების განხორციელებისას სამინისტროსა და ეროვნული სისტემის შესაბამის მორეაგირე ორგანოს შორის კოორდინაციის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3. ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტის რეაგირების ძალები ახდენენ სათანადო რეაგირებას. ინციდენტზე რეაგირების პროცესში ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი აფასებს ინციდენტის ტიპსა და ხარისხს და, ინციდენტის საგანგებო სიტუაციად გარდაქმნის შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მართავს მას. თუ აშკარაა რისკი, რომ, საგანგებო სიტუაციის ხასიათიდან გამომდინარე, ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტის რეაგირების ძალები არ იქნება საკმარისი საგანგებო სიტუაციის სამართავად ან/და ამ საგანგებო სიტუაციის მართვა სცდება ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტის კომპეტენციას, ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიმართავს ადგილობრივი საგანგებო შტაბის შექმნის საჭიროების შესახებ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/20.md
