---
title: "მუხლი 29. აღდგენითი სამუშაოების ჩატარება — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/29"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "29"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. აღდგენითი სამუშაოების ჩატარება — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/29

1. საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენით სამუშაოებს დარგობრივი კომპეტენციის შესაბამისად ატარებენ სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებები, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები, საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების და ორგანიზაციების მონაწილეობით.

2. აღდგენითი სამუშაოები ტარდება საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის დასრულების ფაზაში ან მისი დასრულებისთანავე.

3. აღდგენითი სამუშაოები მოიცავს:
ა) დაზიანებული ან შეფერხებული სატრანსპორტო უზრუნველყოფის აღდგენას;
ბ) საკომუნიკაციო ქსელებსა და ხაზებზე დაზიანების აღმოფხვრას;
გ) ენერგომომარაგების აღდგენის სამუშაოების ორგანიზებას;
დ) აუცილებელი ინფრასტრუქტურის ელემენტების აღდგენას;
ე) მოსახლეობის სასიცოცხლო უზრუნველყოფისთვის საჭირო მინიმალური პირობების შექმნას;
ვ) ტერიტორიის სანიტარიული გაწმენდისა და გაუსნებოვნების მიზნით სამუშაოების ჩატარებას;
ზ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;
თ) სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას;
ი) სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას.

4. აღდგენითი სამუშაოები ტარდება სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/30.md
