---
title: "მუხლი 43. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/43"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "43"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/43

1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებებით, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

1¹. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადასახდელები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე პროგრამული კოდით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ქმნის და იყენებს ტექნიკურ საშუალებებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას.

3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მოხალისეთა სისტემის განვითარების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიაზე შექმნას სპორტული და სასწავლო სივრცეები და ამ სივრცეებით (ინფრასტრუქტურით) სარგებლობის საშუალება მისცეს მოხალისეებს.

4. თუ მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, ამ სატრანსპორტო საშუალებას საწვავით უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/44.md
