---
title: "მუხლი 52. მოსამსახურის თანამდებობიდან/სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საფუძვლები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/52"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "52"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. მოსამსახურის თანამდებობიდან/სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საფუძვლები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 52 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/52

1. მოსამსახურე (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან:
ა) პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე (სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანით ან უამისოდ);
ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;
გ) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული/ტერიტორიული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო;
დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო ან მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო;
ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების გამო;
ვ) სხვა დაწესებულებაში სამსახურის დაწყების გამო;
ზ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის/ცნობის საფუძველზე;
თ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ი) გარდაცვალების გამო;
კ) გამოსაცდელი ვადის გასვლისა და არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო;
ლ) შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასების მიღების გამო;
მ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო;
ნ) სამსახურის ვადის გასვლის გამო;
ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

2. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა, შეიძლება ასევე გათავისუფლდეს თანამდებობიდან ან/და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან:
ა) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;
ბ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი მოთხოვნის შემთხვევაში;
გ) შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო.

3. სამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან დაითხოვება:
ა) სამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;
ბ) სამსახურის სისტემაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში;
გ) სხვა დაწესებულებაში სამსახურის დაწყების გამო.

4. მოსამსახურის გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ან მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №172 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/53.md
