---
title: "მუხლი 61. მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/61"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "61"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61. მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიები — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 61 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/61

1. მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა და ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. ამასთანავე, შესაძლებელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მოსამსახურის მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების დაზღვევა.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველს აუნაზღაურდება სრულად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლო დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული ფულადი სარგო.

4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება.

5. მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

6. მოსამსახურეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შეიძლება განესაზღვროს ერთჯერადი ფულადი ან/და მატერიალური დახმარების ღონისძიება, სხვა სოციალური დაცვის ღონისძიებები და შეღავათები.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/62.md
