---
title: "მუხლი 65¹. მოსამსახურისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/65-1"
law: "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ"
article: "65^1"
identifier: "2608-IIს"
adopted: "2018-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 65¹. მოსამსახურისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 65¹ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/65-1

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, უშუალოდ ხანძრის ჩაქრობისას ან/და სამაშველო სამუშაოების/საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას სამინისტროში შექმნილი შესაბამისი სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომლის დროსაც მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან, საჭიროების შემთხვევაში − მის ტრანსპორტირებასთან, მისი მოვლის უზრუნველყოფასა და სხვა საჭიროებებთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება მოსამსახურის ჯანმრთელობის/სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით და ის 1 წელს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს სამინისტროში შექმნილი შესაბამისი სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით/ვადით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების დროს მოსამსახურეს აუნაზღაურდება ფულადი სარგო და დანამატი.

2. მოსამსახურეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ანაზღაურებადი შვებულება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, შეიძლება მიეცეს 4 თვის ვადით და ის დაავადების ხასიათის გათვალისწინებით, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია გაგრძელდეს მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების დროს მოსამსახურეს აუნაზღაურდება ფულადი სარგო და დანამატი.

3. ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიები მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს:
ა) მოსამსახურის ოჯახის წევრზე;
ბ) შრომისუუნარობის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გათავისუფლებულ/დათხოვნილ პირზე.

4. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის, შრომისუუნარობის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გათავისუფლებული/დათხოვნილი პირის ჯანმრთელობის დაცვასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან, მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების წესთან, დაფინანსების მეთოდოლოგიასთან, მატერიალური დახმარების გაცემასა და მისი მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრასთან, მის მიერ სამედიცინო დახმარების გაწევის მოთხოვნასა და ამ მოთხოვნის განხილვის წესთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1273 - ვებგვერდი, 22.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/65.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4243170-samokalako-usaprtkhoebis-shesakheb/66.md
