---
title: "მუხლი 103. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემის საფუძველი და მათი ძირითადი შინაარსი — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/103"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "103"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 103. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემის საფუძველი და მათი ძირითადი შინაარსი — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 103 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/103

1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები გაიცემა ამ კოდექსის 67-ე და 68-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში უნდა აისახოს საქართველოს კანონმდებლობით სანებართვო დოკუმენტაციის შემუშავებისთვის დადგენილი მოთხოვნები.

3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები უნდა მოიცავდეს:
ა) მიწის ნაკვეთის შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერს და საკადასტრო მონაცემებს;
ბ) მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სამშენებლო განვითარების მიმართ ძირითად მოთხოვნებს:
ბ.ა) გამოყენების სახეობას;
ბ.ბ) განაშენიანების ძირითად პარამეტრებს;
ბ.გ) განაშენიანების სახეობას;
ბ.დ) მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების (მათ შორის, განაშენიანების საზღვრებს ან/და განაშენიანების სავალდებულო ხაზებს) და მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის პირობებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე სართულიანობას;
ბ.ე) ფუნქციურ დანიშნულებას;
ბ.ვ) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა);
ბ.ზ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ და ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით (გარდა იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის);
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკითხები წესრიგდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

5. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით შეიძლება მოთხოვნილი იყოს არსებული ძირითადი ინფრასტრუქტურული ქსელებისა და სატრანსპორტო ხაზების შეკეთება/რეკონსტრუქცია, თუ დაგეგმილი მშენებლობა იწვევს მათ გაფართოებას ან/და დაზიანებას.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნა უნდა აისახოს მშენებლობის სანებართვო პირობებში, რომელთა განხორციელებასთან დაკავშირებით მოქმედებს ამ კოდექსის 72-ე და 73-ე მუხლებით დადგენილი წესები.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2738 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/102.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/104.md
