---
title: "მუხლი 118. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/118"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "118"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 118. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 118 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/118

1. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობა არის სამშენებლო/სანებართვო პირობების შესრულების, მშენებლობის უსაფრთხოების, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობა, აგრეთვე უნებართვო მშენებლობის ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენა და სათანადო რეაგირება.

2. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული პირი.

3. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებლის მიერ მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო მშენებლობის საჯარო ზედამხედველობას ახორციელებს:
ა) შერჩევითობის წესით;
ბ) რისკის ანალიზზე დაყრდნობით;
გ) დაინტერესებული პირის საჩივრის ან/და აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს/სერტიფიცირებული ექსპერტის მიმართვის საფუძველზე.

4. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ყოველწლიურად განახორციელოს იმ III და IV კლასების შენობა-ნაგებობების საერთო რაოდენობის არანაკლებ 10%-ის საჯარო ზედამხედველობა, რომელთა მშენებლობისთვის წინა წელს გაიცა მშენებლობის ნებართვები.

5. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაუბრკოლებლად შევიდეს სამშენებლო ობიექტზე და შეამოწმოს ის, აგრეთვე მშენებლობისთვის პასუხისმგებელ პირებს მოსთხოვოს სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/117.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/119.md
