---
title: "მუხლი 137¹. იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/137-1"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "137^1"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 137¹. იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 137¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/137-1

იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს და მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში:
ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდის ან „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, საკურორტო-სარეკრეაციო ზონაში ან ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;
[ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, სახელმწიფო ტყის ან „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, საკურორტო-სარეკრეაციო ზონაში ან ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;
(
ამოქმედდეს 2026 წლის  1  სექტემბრიდან)
]
ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;
გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:

1. ამ მუხლის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ შენობა-ნაგებობა მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს, თუ მას დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა, გარე შემომზღუდავი კონსტრუქცია.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანო შენობა-ნაგებობის მესაკუთრის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც მას შენობა-ნაგებობის მდგომარეობის გათვალისწინებით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სამართალდარღვევის გამოსასწორებლად (შენობა-ნაგებობის დამცავი ბადით შეფუთვა სამართალდარღვევის გამოსწორებად არ ჩაითვლება). ამ მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ სამართალდარღვევა განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდა, შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს ამ კოდექსით დადგენილი წესით დაეკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს, შენობა-ნაგებობის მესაკუთრის მიმართ გასცეს მითითება მისი დემონტაჟის მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ შენობა-ნაგებობის შეკეთება (რემონტი), რეკონსტრუქცია ან აღდგენა შეუძლებელია.

4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და საცხოვრებლად გამოყენებულ შენობა-ნაგებობაზე.
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5779 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3436 – ვებგვერდი, 20.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/137.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/138.md
