---
title: "მუხლი 14¹. სააგენტოს საქმიანობის მიზნები, მისი უფლებამოსილებები, მართვა და სტრუქტურა — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/14-1"
law: "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი"
article: "14^1"
identifier: "3213-რს"
adopted: "2018-07-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14¹. სააგენტოს საქმიანობის მიზნები, მისი უფლებამოსილებები, მართვა და სტრუქტურა — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხლი 14¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/14-1

1. სააგენტო არის ამ კოდექსით შექმნილი, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი, მისი საქმიანობის მიზნები და სააგენტოს უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კოდექსით, საქართველოს  სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს დებულებით.

3. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კოდექსი, სააგენტოს დებულება და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.

4. სააგენტოს სტრუქტურა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს სამინისტრო.

5. სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

6. სააგენტოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია გამოსცეს ნორმატიული აქტები.

7. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში.

8. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

9. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის მიიღოს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასური, რომელიც სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება.

10. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები, შესაბამისი საფასურების განაკვეთები, საფასურების გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შემდეგი პირობების დაცვით:
ა) სააგენტოს უფლებამოსილებების ფარგლებში სივრცის დაგეგმარების გეგმასთან/ქალაქთმშენებლობით გეგმასთან ან/და მათ შემადგენელ ნაწილებთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს ასეთი გეგმის შემუშავების ღირებულების 10%-ს;
ბ) ტრენინგების, კონსულტაციების, შესაბამისი ზონის სტატუსის მინიჭების, წინასწარი შეფასების დოკუმენტებისა და დასკვნების გაცემის მომსახურების საფასურის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

11. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები, სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასური, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

12. საქმიანობის მიზნების მისაღწევად და საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს აქვს ქონება. სააგენტოს ქონების შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1516 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.
თავი III
საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4276845-sakartvelos-sivrtsis-dagegmarebis-arkitekturuli-da-samsheneblo-sakmian/15.md
