---
title: "მუხლი 25. საპენსიო ფონდში არსებული ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშები — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/25"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "25"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. საპენსიო ფონდში არსებული ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშები — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/25

1. საპენსიო შენატანები და საპენსიო შენატანებით შეძენილი პორტფელის ერთეულები მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახება.

2. საპენსიო ფონდი მონაწილეს დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებისთანავე შეუქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს და უზრუნველყოფს მისთვის ამ ანგარიშის შესახებ ინფორმაციის დისტანციურ, ელექტრონულ ხელმისაწვდომობას. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნასთან, პორტფელის ერთეულის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასთან, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს საპენსიო ფონდი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

3. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულება გამოითვლება და მონაწილისთვის მის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება არანაკლებ კვარტალში ერთხელ.

4. (ამოღებულია - 27.06.2024, №4312) ;

5. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601) .

6. მონაწილის დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, მის მიერ პენსიის ან/და საპენსიო აქტივების სრულად მიღების შემდეგ მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში არააქტიური ხდება, თუმცა არ უქმდება. ყოფილი მონაწილისთვის/პენსიის მიმღებისთვის მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში ხელმისაწვდომი რჩება.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/26.md
