---
title: "მუხლი 37¹⁰. საჩივრის წარდგენის ვადა და ფორმა — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-10"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "37^10"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37¹⁰. საჩივრის წარდგენის ვადა და ფორმა — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 37¹⁰ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-10

1. დავების განხილვის სამსახური წარმოებაში იღებს დამსაქმებლის, დასაქმებულის, მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ წარდგენილ, მხოლოდ ამ კანონის 37 8 მუხლით გათვალისწინებულ საჩივარს საპენსიო ფონდის შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე. ამ თავით გათვალისწინებული საჩივრის წარდგენის ვადაა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მათ შორის, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის) ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღე.

2. საჩივარი დავების განხილვის სამსახურს შეიძლება წარედგინოს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით). საჩივრის ელექტრონული ფორმით წარდგენა არ გამორიცხავს დავების განხილვის სამსახურის უფლებამოსილებას, განმცხადებელს მოსთხოვოს მატერიალური დოკუმენტაციის წარდგენა. საჩივრის ფორმა და მისი წარდგენის წესი, აგრეთვე სხვა წარსადგენი დოკუმენტები/ინფორმაცია განისაზღვრება დავების განხილვის სამსახურის დებულებით.

3. ამ კანონის 37 4 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვას.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საჩივრის წარდგენა დასაშვებია, თუ:
ა) ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) გამო ან საჩივრის წარმდგენისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზით (რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებით);
ბ) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც საჩივრის წარმდგენმა საპენსიო ფონდის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა და რომელთა შესახებ ინფორმაციის დროულად წარდგენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა.

5. დავების განხილვის სამსახურში საჩივრის წარდგენა აჩერებს სადავო აქტის/გადაწყვეტილების აღსრულებას.
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-11.md
