---
title: "მუხლი 37¹³. საჩივრის განხილვა — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-13"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "37^13"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37¹³. საჩივრის განხილვა — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 37¹³ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-13

1. დავების განხილვის სამსახური საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში, მხოლოდ საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნის ფარგლებში. დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია საჩივრის შინაარსისა და სპეციფიკის, აგრეთვე დავის მსვლელობისა და მოსაკვლევი საკითხის გათვალისწინებით მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და ეს ვადა დამატებით არაუმეტეს 3 თვით გააგრძელოს. დავების განხილვის სამსახური აღნიშნული ვადის გაგრძელების შესახებ ატყობინებს შესაბამის მხარეს.

2. დავების განხილვის სამსახური საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენით. შესაბამის მხარეს უფლება აქვს, სხდომას დაესწროს დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით (ვიდეოკონფერენცია).

3. საჩივრის წარმდგენისთვის სათანადო შეტყობინების გაგზავნის მიუხედავად, მისი სხდომაზე გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.

4. დავების განხილვის სამსახურის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევა ნიშნავს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ეს უარი ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ვადის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აითვლება მისი საჩივრის წარმდგენისთვის ჩაბარებიდან.

5. საჩივრის წარმდგენთან დავების განხილვის სამსახურის კომუნიკაციის წესი დგინდება ამ თავითა და დავების განხილვის სამსახურის დებულებით.
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-14.md
