---
title: "მუხლი 37⁴. მონაწილის მიუღებელი სარგებელი — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-4"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "37^4"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37⁴. მონაწილის მიუღებელი სარგებელი — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 37⁴ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-4

1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განსახორციელებლად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში დამსაქმებელს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება და მონაწილის მიუღებელი სარგებელი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა, საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის არსებული, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისთვის დამატებული 5 პროცენტული პუნქტის ოდენობით. მონაწილის მიუღებელი სარგებელი დაირიცხება საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. დამსაქმებელს ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაწილის მიუღებელი სარგებელი დაეკისრება ჯარიმისგან დამოუკიდებლად, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით.

2. მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვა წყდება დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებით.

3. მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვა არ წყდება ამ სარგებლის დარიცხვის შესახებ საპენსიო ფონდის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებით.

4. მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვა არ წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამსაქმებლის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან სათანადო რეჟიმის დასრულებამდე, აგრეთვე რეაბილიტაციის გეგმის მოქმედების პერიოდში.

5. დამსაქმებელს ამ მუხლით გათვალისწინებული მონაწილის მიუღებელი სარგებელი დაეკისრება ჯარიმისგან დამოუკიდებლად, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით.

6. მონაწილის მიუღებელი სარგებელი ირიცხება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-5.md
