---
title: "მუხლი 37⁵. მონიტორინგის განხორციელება — დაგროვებითი პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-5"
law: "დაგროვებითი პენსიის შესახებ"
article: "37^5"
identifier: "3303-რს"
adopted: "2018-07-21"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37⁵. მონიტორინგის განხორციელება — დაგროვებითი პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დაგროვებითი პენსიის შესახებ, მუხლი 37⁵ (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-5

1. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის, საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტობით განხორციელების ფაქტის გამოსავლენად მის მიერ დადგენილი წესით განახორციელოს მონიტორინგი.

2. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს (მათ შორის, დამსაქმებელს, მონაწილეს, პენსიის მიმღებს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს) მოსთხოვოს ან/და ნებისმიერი პირისგან მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საპენსიო შენატანის ან/და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ან/და მათი კორექტირების შესახებ და ეს ინფორმაცია გაითვალისწინოს ჯარიმის, მონაწილის მიუღებელი სარგებლის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი პირი ვალდებულია შეასრულოს საპენსიო ფონდის მოთხოვნა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საპენსიო ფონდი უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

4. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს მოსთხოვოს ამ პირისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის მისთვის დაბრუნება და ამ თანხის დასაბრუნებლად განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, გარდა ამ კანონის 34 2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

5. თუ დამსაქმებლის შემოწმების/მონიტორინგის განხორციელებისას საპენსიო ფონდის მიერ მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდება, რომ ეს ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ შეესაბამება შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ან/და ელექტრონულ სისტემაში არსებულ ინფორმაციას, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისას იხელმძღვანელოს მის მიერ შესწავლილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით.

6. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში შეადგინოს და გამოსცეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თავის მიერ დადგენილი/დამტკიცებული ფორმით.

7. საპენსიო ფონდი განსაზღვრავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ დგება. ასეთ შემთხვევებში საპენსიო ფონდი გამოსცემს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოცემის წესსა და პროცედურებს ამტკიცებს საპენსიო ფონდი.

8. საპენსიო ფონდი ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და ამტკიცებს დამსაქმებლების (მათ შორის, სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების) მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტის იდენტიფიცირებისა და საპენსიო შენატანის ზედმეტობით განხორციელების ფაქტის გამოვლენის, აგრეთვე ჯარიმის, მონაწილის მიუღებელი სარგებლის დაკისრებისა და აღსრულების წესებსა და პროცედურებს. აღნიშნული უფლებამოსილებების განსახორციელებლად საპენსიო ფონდი ადგენს/ამტკიცებს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმებს.
საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4280127-dagrovebiti-pensiis-shesakheb/37-6.md
