---
title: "მუხლი 2. პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/2"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "2"
identifier: "3442-Iს"
adopted: "2018-09-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/2

1. პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებია:
ა) ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა;
ბ) სოციალური ინკლუზიის, ინდივიდის პიროვნული და პროფესიული  განვითარების ხელშეწყობა;
გ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა;
დ) საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება და შეთავსებადობა.

2. პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს:
ა) პროფესიული განათლების ყველასთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას;
ბ) სწავლებისა და სწავლის მრავალფეროვანი ფორმების (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება და სხვა) და ინოვაციური მიდგომების შეთავაზებას ტექნოლოგიური განვითარების გათვალისწინებით;
გ) პროფესიული განათლების ზოგად განათლებასა და უმაღლეს განათლებასთან კავშირის უზრუნველყოფას და პროფესიული განათლების სისტემის მოქნილობას;
დ) პროფესიული განათლების შრომის ბაზარზე არსებული და სამომავლო მოთხოვნებისთვის მორგებას და პირის დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის მომზადებას;
ე) ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარებას, არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების შექმნას, კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის სისტემის განვითარებას;
ვ) პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების განვითარებას;
ზ) შრომის ბაზარზე პირის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობას მისი პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების გზით;
თ) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობას;
ი) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის განვითარებას;
კ) პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სისტემის ჩამოყალიბებას;
ლ) პროფესიული სტუდენტისა და პროფესიული განათლების მასწავლებლის მობილობის ხელშეწყობას;
მ) საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და დანერგვას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/3.md
