---
title: "მუხლი 8. პროფესიის სტანდარტი, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი და მოდული — პროფესიული განათლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/8"
law: "პროფესიული განათლების შესახებ"
article: "8"
identifier: "3442-Iს"
adopted: "2018-09-20"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. პროფესიის სტანდარტი, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი და მოდული — პროფესიული განათლების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული განათლების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/8

1. პროფესიის სტანდარტი/პროფესიის სტანდარტები არის პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შექმნის საფუძველი.

2. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საფუძველი.

2¹. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ  განხორციელებული ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება დაეფუძნოს პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს ან შემუშავდეს აღნიშნული უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

3. პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

4. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესს განსაზღვრავს სამინისტრო.

5. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის გაუქმების ან პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტიდან ერთ-ერთი კვალიფიკაციის ამოღების შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს ამ პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არ არის, მიიღოს ახალი პროფესიული სტუდენტები.

7. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეცვლის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლილ პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტთან შესაბამისობა. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, შეცვლილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად, ამ პროგრამის შეცვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის მხოლოდ აღნიშნული პროგრამის შეცვლამდე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის განხორციელების შესახებ.
საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4162 – ვებგვერდი, 21.05.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4334842-propesiuli-ganatlebis-shesakheb/9.md
